ს კ ო ლ ი ს      ი ს ტ ო რ ი ა

 

                                                 

                       

 წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახელობის მართლმადიდებელთა სკოლა დაარსდა 1992 წელს უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიის შენობაში. მისთვის გამოყოფილი იყო ოთხი კლასი. მისი დამფუძნებელია საქართველოს მართლმადიდებელ ქრიასტანთა ასოციაცია `ბეთლემი~. ქ. თბილისის მერიის 1995 წლის დადგენილების თანახმად, სკოლა გადავიდა საპატრიარქოსა და განათლების სამმართველოს ორმაგ დაქვემდებარებაში. გაფართოების შემდეგ სკოლას დროებით დაეთმო მ.კოსტავას ქუჩაზე მდებარე აბრეშუმის ფაბრიკის ეზოში არსებული პროფესიული სასწავლებლის შენობა. მოგვიანებით კი სკოლის ჯერ დაწყებითი კლასები, შემდეგ კი მთლიანად სკოლა გადავიდა ხილიანის (ამჟამად ჩიქოვანის) ქუჩის 26-ში მდებარე ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის (ამჟამად 150 საჯარო) სკოლის შენობის სარდაფში.
2004 წელს მიღებული განათლების ახალი კანონის თანახმად, საჯარო სკოლის შენობაში აიკრძალა კერძო სკოლის ფუნქციონირება. წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სკოლა კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქრთველოს საპატრიარქოს შუამდგომლობით სკოლას ორი წლით გაუხანგრძლივეს ადგილზე დარჩენის ვადა. 2007წელს ათონის მთიდან ბერძენმა ბერებმა ჩამოაბრძანეს წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების ხატი და მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ჩატარდა პარაკლისი. წმიდა მამების მიმართ აღევლინა სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების ლოცვა. ამის შემდეგ ამ ადგილზე ყოველ კვირას რიგ-რიგობით ლოცულობდნენ სკოლის სხვადასხვა კლასები. 2008 წლის სექტემბრიდან სკოლას გადაეცა ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა დიდ დიღომში. შენობის ნახევარი დაკავებული აქვთ ლტოლვილებს. ამ შენობის გადაკეთება და რემონტი შესაძლებელი გახდა საპატრიარქოს დახმარებითა და მშობელთა შემოწირულობებით.
ერთი წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიხსნა ოთხი პირველი კლასი, მაგრამ მოთხოვნა გაცილებით დიდია.
მძიმე წლების დროს სკოლის მასწავლებლებს არ დაუკარგავთ იმედი. ისინი ქმნიდნენ ახალ პროგრამებს, სახელმძღვანელოებს, იმაღლებდნენ პროფესიულ დონეს. სკოლაში მოსწავლეების და მიღება შერჩევით ხდება. ასევე ცხადდება კონკურსი ახალი პედაგოგების მისაღებად.
სკოლაში ფუნქციონირებს უცხო ენების, მათემატიკის, ჭადრაკის, ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის, რაგბის წრეები.
სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.